რუსული АФК «Система» თბილისის "დინამოს" პრეზიდენტისგან 93,6 მლნ დოლარს ითხოვს

  • სხვადასხვა
  • 13 თებერვალი 13:48

East West United Bank-ი რომან ფიფიას კუთვნილი კომპანია Loyal Capital-ისგან 93,6 მილიონი დოლარის ოდენობის ვალის დაბრუნებას ითხოვს.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსული გამოცემა "კომერსანტი" ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, მხარეებს შორის არსებული დავა ლუქსემბურგის სასამართლომ განიხილა. აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ, რომან ფიფიას კომპანია, რომლის ერთ-ერთი აქტივი რუსთავის "აზოტის" 10%-ია, East West United Bank -ისგან 388 მილიონი დოლარის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.


სასუქზე მსოფლიო ფასების ვარდნის გამო, ბიზნესმენ რომან ფიფიას სტრუქტურებმა ვალი ვერ დააბრუნეს. შედეგად, ფიფიამ ბანკისგან ვალის რესტრუქტურიზაცია მოითხოვა. აღმოჩნდა, რომ Loyal Capital-ს ასევე აქვს "საქართველოს ბანკის" ვალი - 100 მილიონი ევროს ოდენობით. შესაბამისად, ბანკი ითხოვს ვალის გასტუმრებას, Loyal Capital-ი კი პირიქით, ედავება მას იმის გამო, რომ თითქოს რუსულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა ჩაშალა ბიზნესმენის მოლაპარაკება ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკთან.


East West United Bank-ის პრეტენზიები დაკავშირებულია კრედიტთან, რომელიც ბანკმა Loyal Capital-ს Agrochim SA-ს აქციების 45%-იანი პაკეტის შესაძენად მისცა. გირაოდ Agrochim-ის აქციების 90% იყო ჩადებული.


ამასთანავე ფიფიას კომპანია East West United Bank -ს საბანკო ინფორმაციის საიდუმლოების პრინციპის დარღვევაში სდებს ბრალს. ბიზნესმენ რომან ფიფიას მტკიცებით, რუსული ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ გაუზიარა "საქართველოს ბანკს" ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საერთაშორისო სასამართლოში რუსთავის "აზოტის" მფლობელის წინაამღდეგ ჩივილს აპირებს. შედეგად, საქართველოში ქარხნის გაყიდვის პროცესი ამან დააჩქარა. 


მხარეებს შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით, ლუქსემბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც რომან ფიფიას ინტერესებში ნამდვილად არ შედის და მის გასაჩივრებას აპირებს სააპელაციო სასამართლოში. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა.


ლუქსემბურგის სასამართლოს აზრით, ინფორმაცია Loyal Capital-ის დავალიანების შესახებ არ იყო საიდუმლო და ის "საქართველოს ბანკს" თავად კომპანიის მენეჯმენტმა გაუმხილა, ხოლო ქარხნის შემოსავლების შემცირება გამოიწვია არა АФК –ს ქმედებებმა, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ვარდნამ.


საბოლოო ჯამში, სასამართლომ დაუჭირა მხარი East West United Bank-ის მოთხოვნას და არ დააკმაყოფილა Loyal Capital -ის სარჩელი.


საქმის ბუნდოვანებიდან გამომდინარე არაა გამორიცხული კიდევ არაერთი სასამართლო პროცესი ვიხილოთ და თანხის გადახდაც საკმაოდ გაჭიანურდეს. ჯერ კიდევ 2016 წლის 1 სექტემბერს "აზოტის" აქტივები იყიდა ქართულმა კომპანიამ EU Investments, რომლის მფლობელი არის ცნობილი ქართველი ფინანსისტი ეფრემ ურუმაშვილი, ანუ, აქციები, რომლებიც დაგირავებული აქვს East West United Bank-ს, არაფრით არაა უზრუნველყოფილი.


თუმცა, АФК არ გამორიცხავს, რომ გაასაჩივრებს ქარხნის აქტივების გასხვისებასაც და თვლის, რომ ფიფიას გააჩნია რესურსები ვალის დაბრუნებისთვის. რომან ფიფია, "საქართველოს ბანკი", და EU Investments-ი ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.


ქართული ფეხბურთის ქომაგებისათვის ამ დავაში განსაკუთრებით საყურადღებოა - რა გავლენას მოახდენს აღნიშნული პროცესები თბილისის "დინამოზე". სტაჟიან გულშემატკივარს კარგად ახსოვს ლეგენდარული "დინამო", თუმცა ახალგაზრდებისათვის მხოლოდ აჩრდილიღაა იმ გუნდიდა დანრჩენილი, რომელიც უკანასკნელ წლებში როგორც შიდა ჩემპიონატში, ასევე ევრო ასპარეზზე საკმაოდ ცუდად გამოიყურება. UEFA-ს განახლებულ რეიტინგში, "დინამო" 377-ე ადგილს იკავებს რეიტინგში, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით - გუნდი 647 ადგილზე იმყოფება.

წყარო: kommersant.ru

ახალი დამატებული