HBD ბარსელონა. 118 წლის მუდამ სასურველი, ლამაზი, ჭკვიანი და ზოგჯერ ეშმაკი ქალი

  • ბლოგი
  • 29 ნოემბერი 23:12, 2017 წელი

"Més que un club" მართლაც მეტია თუ არა "ბარსელონა" ვიდრე ჩვეულებრივი კლუბი ამაზე ყველას თავისი მოსაზრება აქვს. კატალონიელები რა თქმა უნდა სლოგანს ეთანხმებიან დანარჩენ მსოფლიოში კი აზრები ალბათ გაიყოფა

არანაირი ისტორია, არანაირი მიღწევები და  ჩავარდნები, არანაირი ფაქტები. ყველამ ისედაც ყველაფერი იცის. ნებისმიერი რამ რაც "ბარსელონას" ეხება დიდი ხანია ცნობილია. ამ წერილში მსგავსს ვერაფერს აღმოაჩენთ. ვერ აღმოაჩენთ ვერც მომავლის განჭვრეტას და ვერც იმას რა პერსპექტივები აქვს გუნდს ან ახლო ან გრძელვადიან პერიოდში. ამ წერილში იქნება მცდელობა იმის გადმოცემის, თუ საერთოდ რატომ იწერება წერილი მიძღვნილი "ბარსელონას" 118-ე დაბადების დღისთვის. 


დასამახსოვრებელი თარიღები ბევრ კლუბს აქვს დიდსაც და პატარასაც. მათი დაარსების დღეებიც ხან აღინიშნება და ხან არა. "ბარსელონას" დაარსების თარიღი კი მუდამ ახსოვს ყველას, ყველას ვისაც ფეხბურთთან შეხება აქვს. ახსოვს ესპანეთში, ინგლისში, გერმანიაში, ამერიკის კონტინენტზეც, აფრიკაშიც და აზიაშიც


ძალიან ადრე როდესაც საქართველოში HTB-ს სპორტულმა არხებმა ჩამოაღწია ერთ-ერთი გადაცემისას იმ პერიოდში დამწყებმა საფეხბურთო წამყვანმა რუსული ენის გრამატიკის და დამწერლობის გათვალისწინებით ერთი  სრულიად გენიალური რამ გააჟღერა "ბარსელონა ქალთა სქესს მიეკუთვნება" 


იმ დღის მერე ძალიან დიდმა დრომ განვლო. დრო რაც უფრო მეტი გადის კატალონიურ კლუბს გადის მით მეტი ეპითეტით ამკობენ, მაგრამ დაახლოებით 25 წლის წინ მოსმენილზე მაგარი დახასიატება მე ჯერ არ მომისმენია. 


რუსული გრამატიკის უმაღლეს მწვერვალებს ნამდვილად ვერ ვიპყრობ და არც მაქვს პრეტენზია, მაგრამ ის რაც მაშინ მოვისმინე სრულიად შეესაბამება სიმართლეს. OH-კაცი OHA-ქალი. რატომღაც "ბარსასთან" მიმართებაში ხშირად ამბობდნენ она играет არასდროს იტყოდნენ ამას მაგალითად "მანჩესტერ იუმაიტედთან" ან "რეალთან" მიმართებაში. 


დიახ "ბარსელონა" ქალთა სქესია და არა იმიტომ რომ რუსული გრამატიკაა ასე აწყობილი "ბარსელონა" ქალია, იმიტომ რომ ლამაზია. იგი ყველა პერიოდში ლამაზია მაშინ როდესაც მას გვარდიოლა ჰყავს თავკაცად და მაშინაც როდესაც ვალვერდე ხელმძღვანელობს. ლამაზი იყო სერ ბობი რობსონის დროსაც და კარლეს რეშაკის პერიოდშიც. უბრალოდ ზოგჯერ ეს სილამაზე მას დივიდენდებს აძლევდა, ზოგჯერ კი მხოლოდ ლამაზ და ნაკლებად წარმატებულ ქალად რჩებოდა


"ბარსელონაში" იციან თავისუფლების ფასი და იციან როგორ დამორჩილდნენ. თავისუფლება აქვთ მოედანზე, ტრიბუნებზე, ქუჩებში მორჩილება კი გასახდელში. ავტობიოგრაფიულ წიგნში ზლატანი გაოგნებული წერდა იმის შესახებ როგორ მორჩილად უყურებდნენ და უსმენდნენ გვარდიოლას გასახდელში ისეთი დიდი ფეხბურთელები როგორებიც ჩავი, ინიესტა, მესი. როდესაც ადამიანი ასეთ ერთმანეთის ურთიერთ გამომრიცხავ თვისებებს ავლენს იგი ან ძალიან ჭკვიანია ან შეუმდგარია. მეორე ვარიანტი აპრიორი გამორიცხულია, რჩება პირველი. გამოდის რომ "ბარსელონა" თან ქალია, თან ლამაზი ქალია და თან ჭკვიანია. ძალიან სახიფათო ტრიუმვირატია. სრული "ბუკეტისთვის" რჩება ერთი-ეშმაკობა. გადამწყვეტი  სწორედ ეს კომპონენტია. როდესაც "ბარსელონა" არაა გულღია და არის ეშმაკი წარმატებაც მაშინ მოდის. ამ სეზონში კი კატალონიელების სიამაყე ჯერ არც გულღიაა და არც ეშმაკი, იგი საშიშია

ახალი დამატებული