საფეხბურთო ურთიერთობები: ტენდენციები

  • ბლოგი
  • 29 სექტემბერი 00:54, 2017 წელი

რამდენიმე დღეა გასული, რაც მიუნხენის „ბაიერნის“ აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ სამშობლო მოენატრა

იქამდე კი დაახლოებით ერთი კვირის წინ, ბუნდესლიგის გათამაშებაში „ჰოფენჰაიმთან“ წაგების შემდეგ, იტალიელი სპეციალისტი ნებისმიერი რანგის ოპონენტს შეპირდა, რომ წლის ბოლოს ყველაფერი რიგზე იქნებოდა მიუნხენურ კლუბში და ყველას დაპატიჟებდა გრანდიოზულ პიკნიკზე.


ამ ცოტა ხნის წინათ გავრცელებულ ფოტოზე კი ული ჰიონესი, მისი მეუღლე, კარლ-ჰაინც რუმენიგე და ანჩელოტი ერთ მაგიდას უსხედან, ლუდს ბედნიერი სახეებით შეექცევიან და... ხომ არ გიფიქრიათ, რომ სწორედ აქ გადაწყდა სამშობლომონატრებული კარლოს წასვლა გუნდიდან და არა „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩის შემდეგ?


უბრალოდ გერმანული კლუბიდან ანჩელოტის კულტურული წასვლის ეტიკეტი ამბიციურმა „პარი სენ ჟერმენმა“ უხერხული ანგარიშით დაამახინჯა, თორემ დააკვირდით მოვლენების განვითარებას - კარლო ალბათ სულ მცირე, წლის ბოლომდე მაინც მონატრებულ სამშობლოში გაჩერდება, სადაც შესაძლებელია კარგა ხნით დარჩეს კიდეც თუ „მილანს“ ან თუნდაც „ფიორენტინას“ ჩაიბარებს...


„ბაიერნს“ კი ალბათ პეპ გვარდიოლას დროიდან მოყოლებული, დიდი ხანია უკვე, სწორედ რომ ული ჰიონესისა და კარლ-ჰაინც რუმენიგეს ყაიდის გერმანელი თავკაცი ესაჭიროება, ვისაც აუცილებლად მიიღებს კიდეც.


გამოდის, რომ ამ სიტუაციაში ყველაფერი კარგად დასრულდა. ანუ ნებისმიერი მხარე კმაყოფილი დარჩა, როგორც გერმანული, ასევე იტალიური...


ერთი ლევანდოვსკის ქვეგამხედვარობები გამოჩნდა უშნოდ, მაგრამ რა მოეთხოვება ფეხბურთელს მსგავს სიტუაციაში? თანაც ის ხომ არც გერმანელია და არც იტალიელი.


აი რაფაელ ვარანმა კი უძლიერესი დარტყმით ისეთი ძნელი მდგომარეობიდან ააცალა ბურთი ფეხიდან კარის წინ მარტოდ დარჩენილ დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელს, რომ მსგავსი პოზიციიდან ალბათ ინგლისის ნაკრების ნებისმიერი პერიოდის ათიდან ცხრა მცველი ვარანისავით დასწრების შემთხვევაშიც კი უძლიერესი დარტყმით საკუთარ კარში ჩაჭრიდა ბურთს.


შედეგი? - ვარანს „სამეფო კლუბმა“ მეორე დღესვე გაუხანგრძლივა კონტრაქტი. აბა ვისღა უნდა ენდო, თუ არა ასეთ ფეხბურთელს?


აი ბეილზე კი „სამეფო კლუბი“ კიდევ ცოტა ხანს მოიცდის, ხოლო დორტმუნდის „ბორუსიასთან“ უელსელი საოცარი გოლისა და საგოლე პასის ნაცვლად, ინერტული რომ ყოფილიყო, შესაძლოა მასაც კარლოს ბედი გაეზიარებინა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ „რეალის“ ფორვარდს „სამშობლო არ მონატრებია“.


ბეილს კი ისე გამოუვიდა, რომ ერთი-ორი ანალოგიური გმირობის ჩადენა პრიმერადივიზიონის მატჩებშიც მართებს და ცოტა ხანში კონტრაქტს მასაც გაუხანგრძლივებენ ბენზემასავით...


გუნდური ფეხბურთის მაღალ დონეზე აწყობა რომ უმნიშვნელოვანესია, ამაზე ვინ დაობს, მაგრამ თუკი ერთსა და იმავე ტურში „აიაქსი“, „ფეიენოორდი“ და „ალკმაარი“ შინ სამივე „გუნდურად“ მარცხდება, ჰოლანდიური ფეხბურთის ახალ ურთიერთობასთან ხომ არ გვაქვს საქმე მსოფლიო საფეხბურთო ექსპერტებთან?


და ბოლოს ისევ მადრიდის „რეალი“. ამ კლუბს ხომ სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საფეხბურთო ფასეულობებთან. აბა რა საკადრისი იქნებოდა პელეს დროინდელი „სანტოსის“ გოლიანი მატჩების მარათონის რეკორდის მოხსნა?


ჰოდა სწორედ ამიტომაც „რეალი“ „სანტოსს“ მხოლოდ გაუტოლდა, ხოლო დორტმუნდის „ბორუსიასთან“ დაწყებული გოლიანი მატჩების ხელახალი წრე კი ვინძლო 73-ეზე აღარც გაჩერდეს.


ერთი კია, მატჩის წინა დღეს გავრცელებული ინფორმაციისათვის რომ მოეკრა თვალი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მიმავალ ზოგიერთ გულშემატკივარს, შეიძლება აღარც წასულიყვნენ სტადიონზე, იმდენად დიდი იყო ცდუნება „სამეფო კლუბის“ მიერ გოლის ვერ გატანისა ამ შეხვედრაში...


მერე რა, ესეც ხომ საფეხბურთო ურთიერთობების ნუსხადანაა?


ავტორი: აჩიკო ბენაშვილი


 

ახალი დამატებული