რეალი კვლავაც რეალური ტრიუმფატორია!

  • ბლოგი
  • 11 აგვისტო 15:54

აშკარაა, რომ სუპერთასის მატჩები ბოლო წლებია სულ უფრო მეტად შოუს ხასიათს იძენენ და ამის ნათელი მაგალითი თუნდაც ორი წლის წინანდელი დაპირისპირებაა ბარსელონასა და სევილიას შორის, გოლების ფეიერვერკით რომ აღინიშნა.

აი მადრიდის რეალისა და მანჩესტერ იუნაიტედის მატჩი კი ცოტათი განსხვავებული ხასიათისა აღმოჩნდა, რადგან რეალი, ბოლო ორი წელიწადი ყველაფერს რომ იგებს, ამჯერად ავკარგიანობით გამორჩეულ ყოფილ მწვრთნელ - ჟოზე მოურინიოს გუნდის წინაშე აღმოჩნდა. პორტუგალიელ სპეციალისტს კი იმდენად უნდოდა ამ მატჩის მოგება, რამდენადაც სუპერთასის მოგებით შეიძლებოდა რომ გახარებოდა...


სანამ მატჩის მსვლელობის გარჩევას შევუდგებოდეთ, რეალის წინასამატჩო ფსიქოლოგიურ პორტრეტზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. აქ კი უპირველეს ყოვლისა მწვრთნელის პოზიციაა გასათვალისწინებელი.


ზინედინ ზიდანმა რომ უკვე გამოავლინა მომავალი ათწლეულის მწვრთნელის უნარები, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგებაშიც გამოიხატა. მაგრამ რა ხდება? მართალია რეალი ყოველთვის იგებს, მაგრამ ეს მოგება იმდენად დამაჯერებელი არ ჩანს, როგორც იგებდა გუარდიოლას პერიოდის ბარსელონა სწორედ რომ მოურინიოს თავკაცობით სამეფო კლუბთან უხერხული ანგარიშით 5-0...


აქედან გამომდინარე, სეირის მოყვარულნი ფიქრობენ, კი მაგრამ აღარ უნდა დამთავრდეს ზიდანის პარპაში? აღარ ეყოფა მადრიდის ატლეტიკოსთან თერთმეტმეტრიანებით მოგებული ლიგა და კიდევ წლევანდელი - თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილი გოლების წყალობით მიუნხენის ბაიერნის გაგდება?


იგივე სეირის მოყვარულნი, თუკი რა თქმა უნდა აზროვნებენ და ობიექტურობას მოკლებულნი არ არიან, გარდა იმისა, რომ მსჯელობენ მოტივით - ძლიერებს უმართლებსო, გაკვირვებულნი არიან სამეფო კლუბის უაღრესად მშვიდი სატრანსფერო პოლიტიკით.


შემადგენლობის მხრივ სუპერთასის მატჩში სიახლე მხოლოდ ის იყო, რომ რონალდუს თავიდანვე არ უთამაშია, სხვა მხრივ კი...


რეალმა კვლავაც უცნაური გოლით გახსნა ანგარიში. ზიდანის გუნდმა გარდა იმისა, რომ გაგვახსენა მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ თამაშგარე მდგომარეობის ზღვარზე მოხტუნავე კრიშტიანუ, უაღრესად გაგვაკვირვა პორტუგალიელის ამ როლში „ჩამნაცვლებლის“ ვინაობითაც.


კაზემირო, რომელიც ზიდანმა ნახევარდაცვის ცენტრში გაამწესა,  კარვახალის მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებულ ჩინებულ პასს, მოულოდნელად თამაშგარე მდგომარეობის ზღვარზე მარცხენა ფლანგზე დაუხვდა, მოურინიოს აწყობილი ნაქები დაცვა მშრალზე დატოვა და... გოლიც ჩაითვალა.


რ ე ა ლ უ რ ი თამაში აქ დაიწყო, რადგან იქამდე მოურინიოს შეგირდები წვალობდნენ და თითქოს უფრო მეტსაც კი უტევდნენ. ამგვარი მოჩვენებითი დათმობები კი ზიდანის სათამაშო სქემის განუყოფელი ატრიბუტია, რადგან მოწინააღმდეგე მხარეს რ ე ა ლ უ რ ო ბ ი ს აღქმას უკარგავს და ამის მსხვერპლი შესაძლოა ისეთი დიდი მწვრთნელიც კი აღმოჩნდეს, როგორიც ჟოზე მოურინიოა.


რა ექნა პორტუგალიელს, მატჩის გადასარჩენად მან ორი ბელგიელი ფორვარდი - ლუკაკუ და ფელაინი ერთად დატოვა მინდორზე, მათ თუ რაშფორდსაც მივათვლით, მაშ სადღაა მოურინიოს გაწონასწორებული და გაუვალ დაცვაზე ორიენტირებული სათამაშო სქემა? მერე რა რომ გუნდი აგებს, ტაქტიკა უაზრობაში ხომ არ უნდა გადადიოდეს?


ამას თუკი მატჩის მიწურულს მინდორზე ისკოს ნაცვლად ლუკას ვასკესის გამოჩენას და მის მიერ პოგბას არართხელ გამასხარავებას დავუმატებთ, შეიძლება კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რომ ფრანგის იუვენტუსიდან გადმოყვანა ასტრონომიული თანხის სანაცვლოდ, სისულელე იყო...


სამეფო კლუბიდან კი ძნელია ვინმეს გამორჩევა, სუპერთასისათვის დამახასიათებელი ღიმილიანი გამომეტყველებების ფონზე, ზიდანის ბიჭებმა ისეთი საბრძოლო შემართება და ერთიანი გუნდის სულისკვეთება გამოამჟღავნეს, რომ რეალის რ ე ა ლ უ რ სიძლიერეში როგორც მისი გულშემატკივრები, ასევე მოწინააღმდეგენიც, კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ.


თუმცა, წინ სამეფო კლუბს ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის. 14 და 17 აგვისტოს ესპანეთის სუპერთასზე მადრიდის რეალის მეტოქე ხომ თვით ბარსელონა იქნება. ნუ დაგვავიწყდება, რომ შარშანდელი სეზონის ბოლოს, რეალის აღმავლობის პერიოდი სწორედ რომ კატალონიელებმა დაჩრდილეს, დაამარცხეს რა სამეფო კლუბი სანტიაგო ბერნაბეუზე 3-2...


წლევანდელი სეზონისწინა ბარსელონა რეალისგან განსხვავებით, არასტაბილური და მოუმზადებელი კლუბის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმც ლიონელ მესი ყველანაირად ეცდება დაუმტკიცოს სრულიად საფეხბურთო სამყაროს, რომ კვლავაც პლანეტის უძლიერესი ფეხბურთელია.


ავტორი-აჩიკო ბენაშვილი


 


 

ახალი დამატებული