„ჩემი ფეხის“ ფაქტორი, ანუ იმედგაცრუების 34 წელიწადი

  • ბლოგი
  • 8 აგვისტო 12:18

საქართველო-ლატვიის ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს, ამა წლის 28 მარტს რომ გაიმართა, არ დავსწრებივარ. არადა თბილისში ვიყავი და დროც მქონდა.

რამდენიმე წლის წინ ჩემს ასეთ საქციელს აზრადაც არ გავივლებდი. საქართველოს ნაკრების თამაში კი არა, ამასწინათ ისიც გავიხსენე, რომ ალმა-ათის „კაირატთან“ თბილისის „დინამოს“ შეხვედრის სანახავად ჩამოვსულვარ სოფლიდან, რაჭიდან, საზაფხულო არდადეგებისას. მეტიც - სსრკს თასის ოცდამეთორმეტედ ფინალში „დინამოს“ შეხვედრასაც დავსწრებივარ ნოვბახორის ნამანგანთან - 5:0 მოვიგეთ ის თამაშიც. როგორც მახსოვს რეზო არველაძემ გაიტანა ბრწყინვალე გოლი, ლამის მოედნის ცენტრიდან. მაშინ იმ ასაკში ვიყავი, რომ ვერ ვაცნობიერებდი - თუკი ჰყავდა გერმანიას, იტალიას და საფრანგეთს, რატომ არ ჰყავდა საქართველოს თავისი ნაკრები. მაშინ ჩვენთვის „დინამო“ იყო ყველაფერი! ცოდვას გავამხელ და ვიტყვი - სსრკ-ს ნაკრებს ვგულშემატკივრობდი. არა ისე, როგორც „დინამოს“ მაგრამ მაინც, თუნდაც იმიტომ, რომ ზოგჯერ იქ ქართველი ფეხბურთელებისთვისაც იმეტებდნენ ადგილს. თუმცა, იმავე დროში ყოფილან ადამიანები, რომლებიც მაგალითად შორეულ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში ბელგიას გულშემატკივრობდნენ სსრკ-ს ნაკრების წინააღმდეგ. ეს მერე გავიგე და გული დამწყდა, რომ მათსავით „დისიდენტად“ ყოფნისთვის „რასა“ არ მეყო....


რატომღაც მხოლოდ ბოლო წლებში მოსთქვამენ ამაზე, არადა, თუ სწორად მახსოვს, ქართული ფეხბურთი ნამეტანი შეუძლოდ ჯერ კიდევ 1983 წელს შეიქნა, როცა თბილისის „დინამოს“ სულ ცოტა დააკლდა არსებობის ისტორიაში პირველად სსრკ-ს უმაღლესი ლიგიდან გავარდნილიყო. მას შემდეგ ქართული ფეხბურთი სულს ებრძვის. არადა ნიჭიერები და პერსპექტიულები უხვად გვყავდა. რატომ ვერ მოხერხდა ასეთი ფეხბურთელების სრულფასოვანი გაბრწყინება, ამაზე დაუსრულებლად შეიძლება წერა-ლაპარაკი.


ერთ-ერთი მიზეზის თუ დიაგნოზის შემოთავაზებას არც ახლა დაგზარდებით - უდიდებულეს და უნიჭიერეს ფეხბურთელთან გიორგი ქინქლაძესთან ინტერვიუს ვუსმენდი. ბოლოს ჟურნალისტი ეკითხება - გიორგი, ფეხბურთის თამაში არ გენატრებაო. ქინქლაძეს სევდიანად ეღიმება და კიო, უდასტურებს. მერე არ თამაშობო? - დაინტერესდა ჟურნალისტი. არაო, მეზარებაო - მიუგო ფეხბურთელმა.


ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი დაუვიწყარი შთაბეჭდილება - თითქმის გადავსებული დინამოს სტადიონის ხილვა იყო. ამდენი ხალხი ერთად, ამხელა შენობა „შიგნიდან“ მანამდე არასოდეს მენახა. თუ სწორად მახსოვს ხარკოვის „მეტალისტს“ ვეთამაშებოდით. ანგარიშიც მახსოვს - 3:1 მოვიგეთ. ათიოდე წლის ვიქნებოდი მაშინ. ეს იმ დღეს მოხდა, როცა მამაჩემმა, რომელსაც ფეხბურთი რატომღაც დიდად არ უყვარდა, სტადიონზე წამიყვანა. ახლა ვფიქრობ - რადგან მამა ფეხბურთით არ ინტერესდებოდა, ალბათ თან იმად მიახლა, რომ მანამდე ფეხბურთისადმი მე გამოვხატე ინტერესი მეთქი. ზუსტად არ მახსოვს როდის მოხდა ფეხბურთით ჩემი პირველადი დაავადება, მაგრამ აურელიანო ბუენდიასი არ იყოს, თუ სიკვდილის წინ შესაბამისი პირობები მექნება, თავსგადახდენილ სხვა ამბებთან ერთად უსათუოდ გავიხსენებ იმ შორეულ საღამოს მამამ პირველად რომ წამიყვანა სტადიონზე ფეხბურთის სანახავად.


უკვე შემდეგ სეზონზე მამამ აბონემენტი მიყიდა. შესაბამისად მეც და ჩემს გარშემო მსხდომნიც ყოველ საშინაო თამაშზე ერთ სექტორში, ერთიდაიმავე ადგილებზე ვისხედით. მე ნორჩი ვიყავი, ისინი ენაკვიმატი და კეთილი ბიძები, რომლებსაც ყოველ ჯერზე ძალიან უხაროდათ ჩემი დანახვა. ჩემთან ბილწსიტყვაობას ერიდებოდნენ, მაგრამ სწორედ მაშინ მოვისმინე მეხსიერებიდან წარუშლელი დიალოგი: ერთმა თქვა ფეხბურთელზე - ბურთს არ ელოდაო. მეორემ რიტორიკული კითხვა დაუსვა - ფეხბურთელი, მინდორზე, ფეხბურთის თამაშისას ბურთს თუ არ ელოდა, აბა რა ჩემს იმას ელოდაო....


მას მერე, თუ რამე დაუძლეველი ძალა ან გარემოება არ მაფერხებდა, არცერთი თამაში აღარ გამომიტოვებია. სატელევიზიო რეპორტაჟებისას კომენტატორები რომ აცხადებდნენ მონაცემებს სტატისტიკის მოყვარულთათვის (ახლა მეცინება ამაზე), მათ შორის მეც ვიყავი - ბლოკნოტში ვინიშნავდი ყველაფერს: რამდენი მაყურებელი დაესწრო თამაშს, შემადგენლობებს, ვინ გაიტანა გოლი და ასე განსაჯეთ იმასაც კი, თუ რამდენი იყო იმ დღეს ჰაერის ტემპერატურა. ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ....


ამასწინათ საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე წერილს ვკითხულობდი.... ბოლო წუთებზე გოლის გაშვების მავნე ტრადიციას დასტიროდა ავტორი..... სამაგალითოდ ეს(ეც) გაიხსენა: "1999 წლის 5 ივნისს, თბილისში საბერძნეთს ვმასპინძლობდით და მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე თემურ ქეცბაიას გოლით ვიგებდით, მაგრამ სტუმრებმა ჯერ ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, ბოლო წამებზე კი ნიკოს მახლასმა სულაც გამარჯვების მომტანი ბურთი გაიტანა საქართველოს ნაკრების კარში!"-ო. ჰოდა, გარემოებათა გამო, იმ თამაშზე დამთავრებამდე სწორედ 4 წუთით და რამდენიმე წამით ადრე მივედი.... იმ 4 წუთში ჩვენი 1:0 ბერძნების 1:2-ად იქცა! ჩემი მეგობრებისთვის, ვინც ამას შეესწრო ან ეს ამბავი თაობიდან თაობას გადასცა, საქართველოს ნაკრების ყოველი შემდეგი წარუმატებლობის მიზეზად მე შევიქენი! - თბილისშიც და საზღვრებს გარეთაც (ნაკრებს უცხოეთშიც დავყვებოდი შეძლებისდაგვარად). ხოლო იშვიათი გამარჯვების მიზეზად ოდენ შემთხვევითობა სახელდებოდა.... ან ასეთი იყო ახსნა - შენ რომ არ ყოფილიყავი, უფრო დიდი ანგარიშითაც მოვიგებდითო! არადა უელსს რომ 5:0 მოვუგეთ იმ თამაშზეც ვარ ნამყოფი, პოლონეთს რომ 3:0, უნგრეთს 3:1, ხორვატიას კი 1:0 რომ მოვუგეთ ამ თამაშებზეც გახლდით, იტალიას და საფრანგეთს რომ გოლი არ გავატანინეთ, არც ეგ თამაშები გამომიტოვებია.... მაგრამ რად გინდა - დღესაც ბევრი ითხოვს დინამოს სტადიონის საძირკველში ჩემი იმ ფეხის ჩაყოლებას, რომლითაც 1999 წლის 5 ივნისს დასავლეთ ტრიბუნის მე-10 სექტორში შევაბიჯე....


იყო დრო, გვჯეროდა, რომ 96-ში, თბილისში გერმანიას მოვუგებდით.... მეტიც - გვჯეროდა, რომ იქაც, ნიურნბერგშიც მოვუგებდით. თავად ვარ შემსწრე, დაბნელებულ და მშიერ თბილისში, ახლანდელი ვარდების მოედნის მიწისქვეშეთში არსებულ კინოთეატრის ჰოლში, ერთ ტელევიზორთან მიმსხდარი 100-ზე მეტი ადამიანი როგორი გავეშებული დაუპირისპირდა ერთს, ვინც გაბედა და თქვა - კარგით რა ხალხო, არ ვართ ახლა ამათი მომგებები ჩვენო.... საცემრად გაიწიეს.... პესიმისტ-რეალისტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, როცა ქეცბაიამ პირველი გოლი გაუტანა გერმანელებს....


ასეთ უცნაურ ადგილას რატომ ვუყურებდით ფეხბურთს? ახლობლებმა გაგვაგებინეს, რომ იქ ფეხბურთის ნახვას პირატულად შევძლებდით, გერმანული არხის "მოპარვის" მეშვეობით, რადგან უფულობის გამო საქართველოს ტელევიზიამ პირდაპირი რეპორტაჟის ყიდვა ვერ მოახერხა....


გახსოვთ ალბათ, რომ იმ ერთ გოლს ოთხით უპასუხეს გერმანელებმა და აქეთ მოგვიწყვეს ნიურნბერგის პროცესი....


ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ მაინც გამიხარდა ის ერთი შეხედვით არაფრისმომცემი 5:0 ლატვიასთან. პატარა წარმატებაც დასაფასებელია, თუნდაც იმიტომ, რომ ამ დაღლილ ქვეყანას წარმატებები ძალიან სჭირდება. გარდა ანგარიშში თანხვედრისა, ამ მატჩს არაფერი ჰქონდა საერთო უელსთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში ჩვენს გამარჯვებასთან. არ მინდა მხოლოდ წარსულზე ვილაპარაკო, მაგრამ ამჯერად იმ მატჩის გახსენება ერთგვარი შეჯამებისთვის, დასკვნისთვის მჭირდება. ახლაც მახსოვს 1994 წლის 16 ნოემბრის სუსხიანი დღე. ბნელი 90-იანების ყველა სხვა დღის მსგავსი. თამაში ნაშუადღევს 14 საათზე შედგა - თამაში რომ საღამოს გამართულიყო, სტადიონის განათება სათუო იქნებოდა და ჩვენთვის ასეთ უცნაურ დროს თამაშის გამართვა ამიტომ გადაწყდა. ახლაც მახსოვს ის სიხარული მცირერიცხოვან მაყურებელს თუ სხვა საშუალებით ანგარიშის შემტყობთ რომ აჰყვათ და მერე ვინ იცის რამდენი უსიხარულო, ბნელი და ცივი დღე გააძლებინათ. არ ვაჭარბებ - ისიც კი მგონია, რომ ეს გამარჯვება იყო ერთი ძაფი, რომელსაც ქვეცნობიერად ჩავეჭიდეთ და დავიხმარეთ 90-იანების ბნელეთიდან გამოსაძვრომად. მერე კი, როგორც ვთქვი, ისიც დავიჯერეთ, რომ გერმანიის დამარცხებაც არ იყო შეუძლებელი.


ახლა აღარ გვჯერა....


ეს კარგია, რადგან ინფანტილიზმმა დიდად დაგვაზარალა. ყველაფერში და მათ შორის ფეხბურთშიც პრობლემების დანახვა და სწორი შეფასება სჯობს. ასე იქნებ უფრო გამოჩნდეს გამოსავალი. თუმცა, რომ აღარ გვჯერა ეს იმავდროულად ცუდიცაა, რადგან თავდაჯერების, რწმენის გარეშე არაფერი გამოგვივა! ქვეყანას ბევრი მიმართულებით გარღვევა, წარმატება სჭირდება და მჯერა, თუ ფეხბურთში წარმატებას ვეღირსეთ, ეს უსათუოდ გახდება ჩვენი სხვა არაერთი წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი. სხვა თუ არაფერი, აგერ პაწაწინა ისლანდიას 2016 წლის 27 ივნისიდან დაახლოებით ცხრა თვეში ახალშობილთა რეკორდული რაოდენობა მოევლინა თურმე. 2016 წლის 27 ივნისს ისლანდიამ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალიდან ინგლისის ნაკრები გამოაგდო.


სტატიის ავტორი: იმედა დვალიძე

ახალი დამატებული