ბუნდეს ნაკრები სრული სვლით (გაგრძელება)

  • ბლოგი
  • 4 აგვისტო 11:28

წლევანდელი კონფედერაციის თასის მოგება გერმანული ფეხბურთის ტრიუმფის კიდევ ერთ გამოხატულებად იქცა. 

ერთ მუშტად შეკრულმა „მეორე ნაკრებმა“ ფაქტობრივად უფრო მაღალი საფეხბურთო მენტალიტეტისა და კულტურის ხარჯზე, ცალი ფეხით მოუგო ჯერ კამერუნისა და მექსიკის ნაკრებებს, შემდეგ კი ფინალის მოგების შანსი არ დაუტოვა არტურო ვიდალისა და ალექსის სანჩესის ვინძლო უფრო ვარსკვლავურ ჩილეს ნაკრებს.


სამხრეთ ამერიკელებმა მატჩის დებიუტში რამდენიმე 100%-იანი საგოლე მომენტი, ხოლო მიწურულს კი არაერთი კუთხური გაანიავეს.  თუმცა, ამ კუთხურებს რეალიზება რომ არ ეწერათ, ამაზე  როგორც გერმანელ მცველთა მშვიდი, ასევე სამხრეთ ამერიკის ჩემპიონთა სასოწარკვეთილი სახეები მეტყველებდნენ...


გერმანელებთან ფსიქოლოგიური ბრძოლის განსაკუთრებული სირთულე საკუთარ თავზე ყველაზე მეტად პენტაკამპეონებმა იწვნიეს, როდესაც 2014 წელს ბუნდეს ნაკრებმა ბრაზილიური ფეხბურთი მისსავე მოედანზე მიწასთან გაასწორა და დაასამარა.


ფაქტია, რომ ბრაზილიელები 1-7 მარცხის სირცხვილიდან ვერასოდეს გამოვლენ, ხოლო გერმანელებისთვის კი ეს თავიანთი მებრძოლი ხასიათის კიდევ ერთი გამოვლინება გახლდათ, რის მსხვერპლადაც უკვე ფინალურ შეხვედრაში მესი და მისი არგენტინელი თანაგუნდელები იქცნენ.


იმ მატჩის დამატებით დროში იოაჰიმ ლიოვმა 22 წლის მარიო გიოტცე შეიყვანა. ახალგაზრდა ფორვარდს კი სულაც არ გასჭირვებია, რომ 75 000 - იანი აუდიტორიის წინაშე პირველივე შეხებით ერთადერთი გოლის ავტორი გამხდარიყო  მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში.


იქამდე, ლიოვის გუნდმა „ალბი სელესტე“  წინა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში 4-0 გაანადგურა. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელთა ღირსებას მაშინ ფაქტობრივად 11 ვარსკვლავი იცავდა, მისი ქომაგები მარცხს მხოლოდ გუნდის იმდროეინდელ თავკაც დიეგო მარადონას მიაწერენ.


მაგრამ ბუნდეს ნაკრების გამარჯვების ნამდვილი მიზეზი, იქნება ეს ჩილელებთან წლევანდელი, თუ ბრაზილიელებთან და არგენტინელებთან 2014 წელს ჩატარებული მატჩები, ალბათ ამ შემთხვევაშიც უფრო მაღალ საფეხბურთო კულტურასა და მენტალიტეტში უნდა ვეძიოთ, რაც ფსიქოლოგიურ ომში გამარჯვების საწინდარი უნდა ყოფილიყო.


საერთოდ, გერმანელები არგენტინელებთან 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერე სულ იგებენ, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს ამ გამარჯვებების სრულ კანონზომიერებაზე.


„ალბი სელესტესთან“ მათ ყველაზე მეტად შინაურ კედლებში - 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაუჭირდათ, როდესაც საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა. აქ კი ბუნდეს ნაკრებმა ტრადიციულად „ცალი ფეხით“ 4-2 მოუგო სამხრეთ ამერიკელებს  და საბოლოოდ ნახევარფინალში ყველაზე მძიმე მეტოქე - იტალიის ნაკრებთან შეხვედრაში მოუწია მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლიდან გამოთიშვა.


არადა იმ მატჩში, საქმე პენალტების სერიამდე რომ მისულიყო, შეიძლება  ფინალში გერმანელებს ეთამაშათ საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ და ზიდანისა და მატერაცის ისტორიული დაპირისპირება  სულაც  არ შემდგარიყო. ამისთვის ბუნდესნაკრებს ორიოდე წუთი დააკლდა...


მაგრამ იტალიელებთან ერთად, გერმანელებს უკვე იოაჰიმ ლიოვის ეპოქაში, ერთი უხერხული მეტოქე გამოუჩნდათ.


ესპანეთის ნაკრებმა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ბუნდეს ნაკრები მართალია მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა, მაგრამ თამაშის ხარისხის მიხედვით ლუის არაგონესის გუნდი, ორბურთიანი სხვაობით გამარჯვებას მაინც იმსახურებდა.


ისტორია განმეორდა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, რომლის ბედიც კარლეს პუიოლის უფრო გერმანულ სტილში გატანილმა ერთადერთმა თავურმა დარტყმამ გადაწყვიტა...


ალბათ უცნაურია, რომ გერმანელებმა ესპანეთის ნაკრებთან ზედიზედ ორ უმნიშვნელოვანეს საფეხბურთო ფორუმზე, გოლის გატანაც კი ვერ მოახერხეს, მაგრამ თუკი მასთან შურისძიების საქმე ბუნდეს ნაკრებს აშკარად წინ აქვს, ძლიერი დანიის ნაკრების დამარცხება მისთვის მიუღწეველი დარჩა. 


პრებენ ელკიაერ ლარსენის, ძმებ ლაუდრუპების, მორტენ ოლსენის, პოულსენისა და სხვათა ჩინებულმა გუნდმა ხომ ორჯერ, 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთნაირი ანგარიშით 2-0 დაამარცხა ანდრეას ბრემეს, კარლ ჰაინც რუმენიგეს, იურგენ კლინსმანის, შტეფან ეფენბერგის, მატიას ზამერისა და სხვათა ვარსკვლავური ბუნდეს ნაკრები, რომლიდანაც თურმე არაერთი იზეიმებდა მომდევნო 1996 წლის ევროპის ჩემპიონობას.


დანიის ნაკრები კი დღესდღეობით ძნელად წარმოსადგენია, რომ უახლოეს მომავალში მაინც, გერმანელთათვის მეტოქეობის გაწევას შეძლებდეს. მის ხანმოკლე გაბრწყინებაზე მომდევნო თემაში ვისაუბრებთ.


აჩიკო ბენაშვილი

ახალი დამატებული