„TCR International Series“ ისტორიული რბოლის ქართველი ჩემპიონი (ვიდეო)

  • საერთაშორისო
  • 2 აპრილი 19:19

ისტორიაში პირველად, რუსთავის ავტოდრომზე ძარიან ავტომობილებს შორის (TCR) საერთაშორიშო ჩემპიონატის, 2017 წლის სეზონის, პირველი რბოლა გაიმართა. ავტოსპორტის მოყვარულთათვის რუსთავის ავტოდრომზე შესანიშნავი სანახაობა მოეწყო. 

ძარიან ავტომობილებს შორის (TCR International Series) საერთაშორიშო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონის პირველი რბოლის მასპინძლობის უფლება საქართველომ მოიპოვა. (TCR International Series) 12 ქვეყნის სახელით, 16 ავტომრბოლელმა მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო ტურნირი 40 სატელევიზიო არხზე, მსოფლიოს 150 ქვეყანაში გადაიცემოდა.


(TCR International Series) 2017 წლის სეზონის გახსნაზე, ქართული მხარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის Mia-Force-ის სახელით იყო წარმოდგენილი. ტურნირზე საქართველოს ღირსებას სამი ავტომრბოლელი იცავდა. ევროპის ჩემპიონი დათა ქაჯაია, მისი თანაგუნდელი სერბი დუშან ბორკოვიჩი და შოთა აფხაზავა. სამივე მრბოლელი „Alfa Romeo Giulietta TCR“-ს მართავდა.


დათა ქაჯაიამ ქართველი გულშემატკივრის გახარება ჯერ კიდევ გუშინ შეძლო, როდესაც საკვალიფიკაციო ეტაპზე საუკეთესო დრო აჩვენა და ეგრედ წოდებული „პოული“ მოიგო.



ტურნირის გადამწყვეტი რბოლები დღეს გაიმართა. დათა ქაჯაიამ, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე საუკეთესო დრო აჩვენა, ლიდერობა პირველი ეტაპის რბოლაშიც არავის დაუთმო. მეორე ადგილზე უნგრელი ავტომრბოლელი ფერენც ფიცა გავიდა, მესამე საპრიზო პოზიცია შვეიცარიელმა სტეფანო კომინიმ დაიკავა. ქაჯაიასგან განსხვავებით რბოლა წარუმატებელი აღმოჩნდა მისი თანაგუნდელი დუშან ბორკოვიჩისთვის, ხოლო შოთა აფხაზავას რბოლის სტარტზე პრობლემა შეექმნა, საწყისი პოზიციიდან ბოლიდი გვიან დაძრა და მხოლოდ მე-15-ე ადგილს დასჯერდა.




დაჯილდოვების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, მალევე მეორე ეტაპის რბოლა დაიწყო. ამჯერად ქართველი მრბოლელი სტარტს მე-10-ე პოზიციიდან იღებდა. მეორე ეტაპის რბოლა კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა შოთა აფხაზავასთვის. მატო ჰომოლასთან შეჯახების შემდეგ, აფხაზავას რბოლის ნაადრევად დასრულება მოუწია. დუშან ბორკოვიჩმა მე-12-ე პოზიციიდან აიღო სტარტი და მე-4-ე პოზიციაზე დაასრულა. დათა ქაჯაიამ ორ მეტოქეს გადაუსწრო და მეორე ეტაპის რბოლა მე-6-ე ადგილზე დაასრულა.


მეორე ეტაპის რბოლაზე, პირველი ადგილი „Lukoil Craft-Bamboo Racing“ მრბოლელმა პეპე ორიოლამ დაიკავა, მეორე ადგილი ატილა ტაშის ხვდა წილად, ხოლო მესამე ადგილზე ჟან-კარლ ვერნეი გავიდა.



(TCR International Series) საერთაშორიშო ჩემპიონატის, 2017 წლის სეზონის, პირველი ეტაპის გამარჯვებული ქართველი მრბოლელი დათა ქაჯაია გახდა.



ახალი დამატებული